აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ისტორია

აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა 1902 წლის 13 ოქტომბერს გაიხსნა ბათუმის ინტელიგენციის, ინტელიგენციასთან თანამდგომი ქალაქის დაბალი ფენებისა და ქალაქის მესვეურების ძალისხმევით.
ბიბლიოთეკის გამგეობის შემადგენლობაში შედიოდნენ: ივ. ანდრონიკაშვილი (ქალაქის თავი), გრ. ვოლსკი, ვ. ლორტინი, ე. ტურკინი და კ. ჩხეიძე. ქალაქის მმართველობამ ბიბლიოთეკის საჭიროებისათვის გამოჰყო 1500 მანეთი.
ახლად დაფუძნებული საჯარო ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უმთავრესად შეწირული წიგნებით იზრდებოდა. პირველივე დღიდან ბიბლიოთეკამ მიიღო შემოწირულობა ნ. ს. დერჟავინის, ე. ვ. ტურკინის, ა. რ. ივანოვის, ო. მ. კუზიატინას, ე. პრიმოს და სხვათაგან. 1902-1903 წლებში ქალაქის გამგეობისა და კერძო პირთა წყალობით ბიბლიოთეკის ფონდმა 2088 ბეჭდვითი ერთეული შეადგინა, მათ შორის: შეწირულობის სახით მიღებულია 223 ერთეული, ხოლო შესყიდულია 1865 ერთეული. 1903 წელს ბიბლიოთეკას ჰყავდა 375 აბონენტი, ხოლო ბიბლიოთეკით ისარგებლა 2786 მოქალაქემ. 1904 წელს ბიბლიოთეკის ფონდი შეადგენდა 3691 ერთეულს, ჰყავდა 324 აბონენტი და სარგებლობდა 4814 მოქალაქე. იზრდებოდა მკითხველთა რაოდენობაც და შემადგენლობაც. ამავე წელს პირველად ჩატარდა წიგნადი ფონდების საინვენტარო აღრიცხვა და შეიქმნა საკატალოგო მეურნეობა. 1905 წლიდან, რევოლუციურ პერიოდში, მკვეთრად მცირდება ფონდის შევსება და მკითხველთა რაოდენობაც, მაგრამ 1908 წელს კვლავ ფართოვდება ბიბლიოთეკის საქმიანობა. 1910 წელს ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 7933 ერთეულს შეადგენდა, ხოლო 1911 წლის ბოლოსათვის კი 9 ათას აღემატებოდა. ამ პერიოდისათვის საჯარო ბიბლიოთეკას ჰქონდა 41 სახელწოდების ჟურნალ-გაზეთი, რომელთაგან 6 ქართული იყო.
საჯარო ბიბლიოთეკის გამგეები იყვნენ: 1902 წლის 13 ოქტომბრიდან 1909 წლის 13 თებერვლამდე ე. ვ. ტურკინი, 1909 წლის 13 თებერვლიდან 1910 წლის 13 აპრილამდე პ. ი. კაზანოვსკი, 1910 წლის 13 აპრილიდან ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობს პ. დ. გამყრელიძე, მოადგილედ ო. კუზიატინა (იგი ამ თანამდებობაზე იყო ბიბლიოთეკის დაარსებიდან).
მასალის სიმცირის გამო ჯერჯერობით სრულყოფილად არაა გამოკვლეული, თუ როგორ მუშაობდა 10-20-იან წლებში ბიბლიოთეკა.
1937 წელს მოხდა ამ ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია და შეიქმნა ე. წ. ,,სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა’’, მას მიენიჭა დიდი ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის სახელი. ეს ბიბლიოთეკა დიდხანს იყო განთავსებული პატარა შენობაში, კომინტერნის (ამჟამად მემედ აბაშიძის) ქუჩაზე.
1959 წელს ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკა გარდაიქმნა ,,აჭარის სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკად. ამიერიდან ის წარმოადგენდა ავტონომიური რესპუბლიკის უმთავრეს ბიბლიოთეკას და რეგიონის მეთოდცენტრს.
1950-1960-იან წლებში ბიბლიოთეკის ადრინდელ შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ახალი ორსართულიანი შენობა მიაშენდა. ამგვარად, ბიბლიოთეკის შენობა განთავსდა ორი ქუჩის (ამჟამად ვაჟა-ფშაველასა და მემედ აბაშიძის) კვეთაზე და საკმაო ფართი მიიღო, სადაც ამჟამადაც აგრძელებს ფუნქციონირებას. იმ დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდა ცნობილი პოეტი ნანა გვარიშვილი. ტექნიკური პირობების გაუჯობესებასთან ერთად იცვლება ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური პროცესებიც. ეს პერიოდი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ბიბლიოთეკისათვის.
სხვადასხვა დროს ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობაში მუშაობის გამოცდილების მქონე პირები: მარია გუსევა, ნანა გვარიშვილი, ჯემალ ჯაყელი, მამია ბერძენიშვილი, ეთერ ცივაძე, სოსო ჯორბენაძე, გენადი მახარაძე, ინგა გოგიბერიძე. 2020 წლის 31 დეკემბრიდან ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს თეონა ბერიძე .
1998 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში განხორციელდა სრული რეორგანიზაცია, დამტკიცდა ახალი დებულება, შეიცვალა სტრუქტურა, საშტატო განრიგი, გაუმჯობესდა შრომისა და მომსახურების პირობები, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები.
2005-2007 წლებში საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემაში მიმდინარე პროცესების შედეგად აკაკი წერეთლის სახელობის აჭარის რესპუბლიკურ ბიბლიოთეკას 2007 წლის მიწურულს შეეცვალა სტატუსი და ის გარდაიქმნა აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკად, რომელიც ორ შენობაში განთავსდა: ერთი - ძირითადი (მდებარეობს მისი პირველადი დაარსების ადგილზე - ვაჟა-ფშაველას ქ. №21) და მეორე - საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება (ივ. ჯავახიშვილის ქ. №72).
ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის ხანგრძლივ პერიოდში ძირითადად ჩამოყალიბდა მისი სტატუსი, უფლება-მოვალეობანი, სტრუქტურა, შრომის პირობები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; ამან საშუალება მისცა ზემდგომ ორგანოებს, არსებული კანონმდებლობითი დოკუმენტების გათვალისწინებით, 2012 წლის 23 თებერვალს შეექმნა ბიბლიოთეკის საქმიანობის ოფიციალური საფუძველი წესდების სახით, რომელშიც დეტალურადაა განსაზღვრული ყველაფერი, რაც ამ პერიოდისათვის ბიბლიოთეკის მუშაობის მიმართულებებს შეესაბამება.
ბიბლიოთეკას, რომელიც 120 წლისაა, ცხადია, მეტად საინტერესო და საყურადღებო ფონდი გააჩნია. მრავლადაა გამოჩენილი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, მეცნიერ-მკლევარის, პედაგოგის, სხვადასხვა დარგის სპეციალისტ-პროფესიონალის ნაშრომთა და ნაწარმოებთა გამოცემები. აქ თავმოყრილია როგორც ძველი, ისე ახალი წიგნებისა და პერიოდიკის ფონდები, კარტოგრაფიული და გრაფიკული გამოცემები, დისკები და მრავალგვარი აუდიოვიზუალური მასალა. ფონდში დაცული დოკუმენტები წარმოდგენილია ქართულ, რუსულ, აფხაზურ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ესპანურ, თურქულ, არაბულ, უკრაინულ, ბერძნულ, პოლონურ, ჩეხურ, აზერბაიჯანურ, სომხურ, ტაჯიკურ, ბასკურ, ქურთულ, ებრაულ, სპარსულ, შვედურ, იაპონურ, ბულგარულ, ყაბარდოულ ენებზე.
მომხმარებელთან მუშაობის თვალსაზრისით, ბიბლიოთეკა ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. მას მჭიდრო ურთიერთობა აქვს ქალაქის მოსახლეობასთან, რაც უმეტესად აქ ჩატარებულ ღონისძიებებში ჰპოვებს ასახვას, კერძოდ, ტარდება შემეცნებით დისკუსიები, ლექციები, კონფერენციები, წიგნების განხილვა-გარჩევები, ლიტერატურული საღამოები, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები, სლაიდ-შოუები, ბათუმში მოღვაწე შემოქმედ, ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლე და სტუდენტ-ახალგაზრდებთან მუშაობას. მუდმივი ურთიერთობაა სკოლებთან და უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთა მოსწავლეები და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ღონისძიებებში და დარგობრივ კლუბებში. ბიბლიოთეკაში ეწყობა საბიბლიოთეკო დოკუმენტების, როგორც მუდმივი, ისე ახალი წიგნების მრავალფეროვანი გამოფენები, მოქმედებს 10 კლუბი ინტერესთა მიხედვით. წლის განმავლობაში საშუალოდ 60 ღონისძიება, 80 გამოფენა და 75-მდე საკლუბო შეხვედრები იმართება.
მეთოდოლოგიური თვალსაზრისით, ბიბლიოთეკა გამართულად და თანამედროვე სტანდარტებით მოღვაწეობს. აქ ყველა პირობაა შექმნილი საქმიანობის მაღალ პროფესიულ დონეზე წარმართვისათვის, თუმცა მეთოდოლოგიურად შრომის პროცესების შემდგომ დახვეწაზე მუშაობა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკას აღარ აქვს ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი ბიბლიოთეკის სტატუსი, წესდება მას ავალებს და ფაქტობრივადაც ის მეთოდურ-პრაქტიკულ დახმარებას უწევს აჭარის ყველა ტიპისა და უწყების ბიბლიოთეკას, საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების მართვას.
ახალი საუკუნის დასაწყისიდან ბიბლიოთეკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, შემოიტანეს კომპიუტერები, ტექნიკური აპარატურა, ვითარდება კომუნიკაციის სისტემები, 2001 წლიდან ინტერნეტი გამოიყენება საბიბლიოთეკო პროცესებში და მკითხველთა მომსახურებისას. 2009 წელს შეიქმნა ბიბლიოთეკის ერთიანი კომპიუტერული ქსელი და დაიწყო ელექტრონული კატალოგების წარმოება. ბიბლიოთეკა თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა საელჩოებსა და მოქმედ ფონდებთან.
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას აქვს არა მარტო დიდი წარსული, ახლანდელი მყარი პირობები, არამედ სამომავლო პერსპექტივები.