სურათი

ძირითადი შენობა

სურათი

სივრცე მუსიკალური და თეატრალური შეხვედრებისათვის

სურათი

საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილება

სურათი

ლიტერატურული სივრცე ბავშვებისათვის - „კითხვის დრო"

სურათი

სივრცე ლიტერატურული შეხვედრებისათვის


აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორ თეონა ბერიძის მომავლის პერსპექტივა გაზეთ „აჭარასთან“
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორ თეონა ბერიძის მომავლის პერსპექტივა გაზეთ „აჭარასთან“

„#ადგილისადაცმიგიხარია“ – რა სიახლეებს ჰპირდება საჯარო ბიბლიოთეკის ახალი ხელმძღვანელი საზოგადოებას?

 ქალბატონო თეონა, რამდენად საპასუხისმგებლოა თქვენთვის ამ ბიბლიოთეკის დირექტორობა?

– ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას უკავშირდება არა მხოლოდ ჩემი ბავშვობის წლები, არამედ სტუდენტობაც. ჩემი თაობის ადამიანებს, რომელთა საუნივერსიტეტო ცხოვრებამ 90–იან წლებში ჩაიარა, ბიბლიოთეკასთან განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვთ. შემდეგ წლებშიც, სკოლის მასწავლებლის თუ უნივერსიტეტის ლექტორის პოზიციიდან, ყოველთვის მქონდა არა მხოლოდ პირადი, არამედ ინტენსიური სამსახურებრივი შეხება ამ ბიბლითეკასთან. ჩემთვის არასოდეს ყოფილა ეს დაწესებულება მხოლოდ წიგნთსაცავი. შესაბამისად, დიდი პატივია და გააზრებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ახლავს ქალაქის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურულ–საგანმანათლებლო და შემეცნებითი კერის ხელმძღვანელობას. ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, ჩვენ, ბიბლიოთეკის გუნდი, თითოეული აქ მომუშავე ბიბლიოთეკარისა და ბიბლიოგრაფის დიდი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და ენთუზიაზმის, საქმისადმი გამორჩეულად გულისხმიერი დამოკიდებულების წყალობით, შევძლებთ გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას.

– რა გამოწვევების წინაშე დგას ბიბლიოთეკა დღეს და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

– მთავარი გამოწვევაა, საჯარო ბიბლიოთეკა იქცეს ისეთ ცენტრად, სადაც შეიქმნება სასიამოვნო სამუშაო, კვლევითი და სასწავლო გარემო სხვადასხვა თაობისა და ინტერესების ადამიანებისათვის. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ თითოეული მკითხველის ხელშეწყობა მათი პიროვნული, პროფესიული თუ სულიერი განვითარების გზაზე, არამედ ქალაქის მცხოვრებთა სოციალური ერთობის, თემის ჩამოყალიბების მხარდაჭერა. ბიბლიოთეკა უნდა იყოს თითოეული ბათუმელისთვის #ადგილისადაცმიგიხარია“.

– როგორც ბიბლიოთეკის ახალ ხელმძღვანელს, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ, რა პროექტების გაგრძელებას აპირებთ და რა სიახლეებს შესთავაზებთ საზოგადოებას?

– საქმიანობა წარიმართება სამი ძირითადი მიმართულებით: საგანმანათლებლო: ჩვენ ბეჭდური, ვიდეო და აუდიო რესურსით ( სულ 565 366 ერთეული, მათ შორის წიგნი – 371 790, ჟურნალი 152 017, გაზეთი – 36 291 და 3 900 კომპლექტი, ასევე აუდიოწიგნები, ფოტოები, რუკები, ნოტები და სხვა) ვემსახურებით ყველა ასაკის მკითხველს – სკოლამდელიდან ხანდაზმულ ასაკამდე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, გავხდეთ მშობლებისა და შვილების მთავარი პარტნიორი კითხვის, საინფორმაციო და მედიაწიგნიერების განვითარებაში. ასევე, მიზნად ვისახავთ, შევთავაზოთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს ბიბლიოთეკა სამეცნიერო დიალოგის პლატფორმად.

კულტურულ-შემეცნებითი მიმართულებით ბიბლიოთეკა აქტიურად ეწევა საკლუბო საქმიანობას, ორგანიზებას უწევს ლიტერატურულ საღამოებს, შეხვედრებსა და საუბრებს. გვინდა შევთავაზოთ სივრცე დიალოგისთვის ბათუმში მოღვაწე სხვადასხვა თაობისა და მიმდინარეობის შემოქმედებით ჯგუფებსა და არტისტებს. ახალი თაობის მაღალი ჩართულობის უზრუნველსაყოფად და ბიბლიოთეკის მიმზიდველობის გაზრდის მიზნით, იგეგმება სხვადასხვა აქტივობა, მაგალითად, ღია კონკურსები.

სიახლე იქნება ჩვენი გააქტიურება სოციალური მიმართულებით, რაც გამოიხატება მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობითა და სოციალური პროექტების დაგეგმვა–განხორციელებით. გვსურს გავხდეთ თანაქალაქელების პარტნიორი პროფესიული ზრდის, კარიერული ცვლილებების, თანამედროვე ცვალებად შრომის ბაზარზე მყარი პოზიციონირებისთვის აუცილებელი ,,სწავლა სიცოცხლის მანძილზე“ თვალსაზრისით, ასევე ვიქცეთ დიალოგის პლატფორმად სხვადასხვა თაობის, კულტურისა და რელიგიური მრწამსის ადამიანებისათვის, შევიტანოთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი თანაქალაქელებისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნაში.

– როგორც ვიცი, 3 თებერვლიდან, ანუ წიგნის კითხვის დღეს, აპირებთ ნაწილობრივ გახსნათ ბიბლიოთეკა. უფრო კონკრეტულად აგვიხსენით, რას გულისხმობს ნაწილობრივ გახსნა, რა სერვისებით ისარგებლებენ მკითხველები და რა გაკეთდა მათი უსაფრთხო მომსახურებისთვის?

– როგორც მოგეხსენებათ, ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს სამკითხველო დარბაზები, ამერიკული კუთხე, გარდა ამისა, მკითხველს შეუძლია ისარგებლოს მხატვრული ლიტერატურის დროებით გატანის სერვისით. ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (კოვიდD-19) დაკავშირებით,„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, შეეზღუდათ საქმიანობა საქართველოში მოქმედ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებებს. შეზღუდვები ვრცელდება კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე და რეგულაციებს ექვემდებარება, ასევე, თავშეყრის ორგანიზება. აღნიშნული შეზღუდვების პირობებში, ბიბლიოთეკა მხოლოდ ნაწილობრივ იხსნება – აბონემენტისა და საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილებები, ასევე უცხოური ლიტერატურის განყოფილება ამერიკული კუთხით, უზრუნველყოფს წიგნის დროებითი სარგებლობისთვის გაცემას. ამ ეტაპისთვის კვლავ შეზღუდული დარჩება სამკითხველო დარბაზების მოქმედება. წიგნის ბინაზე გატანა შესაძლებელი იქნება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00-მდე, როგორც ცენტრალური კორპუსიდან (მემედ აბაშიძის 21), ასევე საბავშვო-ახალგაზრდული განყოფილებიდან (ჯავახიშვილის ქ.)

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკიდან წიგნის გაცემის პროცედურა სრულ შესაბამისობაშია კოვიდ19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან: შიდა სივრცეები და ზედაპირები მუშავდება სველი წესით და სადეზინფექციო სითხით, მკითხველს მოემსახურება ფარით, პირბადითა და ხელთათმანებით აღჭურვილი პერსონალი, უკან დაბრუნებული ,,პირობითად ინფიცირებული“ წიგნებისთვის მოწყობილია საკარანტინო სივრცეები. ასევე, აუცილებელია მკითხველმა გაითვალისწინოს, რომ წიგნის გაცემის სივრცეში ყოველ 5 კვმ დაიშვება მხოლოდ ერთი მკითხველი, ნიღბით. მკითხველთა ნაკადი გაკონტროლდება და საჭიროების შემთხვევაში, მსურველებს ბიბლიოთეკის გარეთ მოუხდებათ რიგში დგომა.

შემუშავდა მოცემულ სიტუაციაში ბიბლიოთეკით სარგებლობის დროებითი წესი, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე  და ფეისბუქგვერდზე – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა. სამომავლოდაც უამრავი საინტერესო სიახლის ნახვა იქნება შესაძლებელი ამ გვერდზე, ასე რომ, შემოუერთდით ბიბლიოთეკის სამეგობროს.

– იმისათვის, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს წიგნის კითხვით, როგორ ფიქრობთ, ბიბლიოთეკებმა რა ღონისძიებები უნდა გაატარონ?

– უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია თითოეულ მკითხველს გავაგებინოთ, თუ რა რესურსს ფლობს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა, გავხადოთ ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჩვენს საცავებში არსებული ფონდის შესახებ და გავაცნოთ ფართო საზოგადოებას ის სერვისები, რისი შეთავაზებაც შეგვიძლია. თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტებით არ წარმოადგენს დიდ სირთულეს ამის უზრუნველყოფა, თუმცა, ამავდროულად, სასიცოცხლოდ აუცილებელია კამპანიის წარმოება კითხვის, წიგნიერების, მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და მისი როლის შესახებ. სწორედ ამ კუთხით მიმდინარეობს ამჟამად ბიბლიოთეკაში მუშაობა და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაიწყება უმოკლეს დროში.

 


«««